კრემლი საქართველოში ახალ საოკუპაციო გეგმას ამზადებს. ოკუპანტები დამატებითი ტერიტორიების მიტაცებას აპირებენ. რუკები მზად არის და არარსებულ საზღვართან, ფორმიანების გააქტიურება შეინიშნება- ახალი უკანონო ნაგებობები რაჭაში და ფაქტობრივად, ოკუპაციის ქვეშ არსებული წმინდა გიორგის ტაძარი მცხეთა-მთიანეთში. რთულია ვითარება იმ სოფლებში, სადაც საოკუპაციო ძალებმა ხალხს სახნავ-სათესი მიწები, საძოვრები, სალოცავები და უკვე საფლავებიც კი წაართვეს. ოკუპანტები ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში გამოჩნდნენ. ვრცელდება ვიდეო კადრები, როგორ გადმოკვეთეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარი და როგორ ათვალიერებენ ტერიტორიას მლეთის ხეობიდან.
"მლეთაში, გამოჩნდნენ რუსი ოკუპანტები, საკმაოდ დიდი ჯგუფი, 5-5 ოკუპანტი იყო, ეს უკვე ვფიქრობ არის ძალიან საგანგაშო სიგნალი იმისა, რომ ოკუპანტებმა დაიწყეს უკვე ახალი ტერიტორიების ოკუპაცია. ლომისა შედის იმ ახალი საოკუპაციო გეგმის ფარგლებში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ 2 წელია, ეს გეგმა უკვე დამტკიცებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ, რომელიც მოიცავს 808 კვადრატულ კილომეტრს დაწყებული ზემო რაჭიდან, დამთავრებული თრუსოს ხეობით. შესაძლოა ამ ახალი ოკუპაციის დაწყების პირველი სიგნალია", - ამბობს ქაცარავა.