
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ სოფელ ხაბუმეს მოსახლეობამ ბუნებრივი აირის მოთხოვნით აქცია გამართა. 70-მდე ოჯახს გაზი უკვე 3 წელია არ აქვს. შეყვანიდან რამდენიმე თვეში, გზის მშენებელმა კომპანია "პასაჟი საქართველომ" მილები დააზიანა და წყალსაწრეტი ფილების დაგებისას, ბეტონით ამოავსო, რამდენიმე ადგილას კი გადაჭრილიცაა. ადგილობრივების თქმით გაზის კომპანიაში პასუხისმგებლობა გზის მშენებელს დააკისრეს და უთხრეს, რომ მილები აღდგენას აღარ ექვემდებარება.
ადგილობრივების უმეტესობა სოციალურად დაუცველია. მათ შეშის საყიდელი ფული არ აქვთ, მოსაჭრელად კი ნებართვას სთხოვენ.
რაც შეეხება გზას. მშენებელმა კომპანიამ მერიისგან თანხა თითქმის სრულად აიღო და დოკუმენტებითაც გაფორმდა, რომ უხარვეზოდ იმუშავეს, თუმცა ადგილზე სამუშაოები დასრულებული არ არის.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების განმარტებით, მერიას მშენებელი არ დაუჯარიმებია, რადგან კომპანია ხელისუფლებასთან დაახლობულ პირს ეკუთვნის. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების შემოწმების გარეშე "პასაჟი საქართველოს" თანხის 97% ჩაერიცხა.
ადგილობრივები კი გაზის გარეშე უკვე მეოთხე ზამთარს ხვდებიან. მათ რამდენჯერმე მიმართეს მერიას, თუმცა როგორც ამბობენ, ჩხოროწყუს მერმა ოთახშიც არ შეუშვა.
ავტორი: ემა გოგოხია