ჩინჩალაძეს სიდედრმა უცხოეთიდან $68,8 ათასი გამოუგზავნა, გოცირიძეს 19.6 ათასი ევრო აჩუქეს | მოსამართლეების საჩუქრები IDFI-ს კვლევაში

გამოქვეყნდა:

"თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აქვეყნებს  კვლევას, რომელიც 2020-2022 წლებში მოსამართლეების მიღებული საჩუქრების დეკლარირებულ ინფორმაციას ასახავს. როგორც ირკვევა,  49 მოსამართლემ, ან მისი ოჯახის წევრმა, 5 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო. მათ შორის, ფულის, უძრავი ქონების, ავტომობილებისა და სხვა ძვირადღირებული ნივთების სახით. 

ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრების მიმღებ მოსამართლეებს შორისაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძე. 

 - 2020-2022 წლებში 49 მოსამართლემ ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 5 მილიონ ლარს;

- 2020-2022 წლებში 3 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვს უშუალოდ დეკლარანტ მოსამართლეებს, ხოლო 2 მილიონი ლარის საჩუქარი - მათი ოჯახის რომელიმე წევრს;

 - მოსამართლეებმა საჩუქრების 91% (4.5 მლნ. ლარი) მიიღეს ოჯახის წევრებისგან/ახლო ნათესავებისგან, 8% (430 ათასი ლარი) ისეთი ნათესავებისგან რომელთაგან საჩუქრის მიღება შეზღუდულია კანონმდებლობით, ხოლო 1% (33.4 ათასი ლარი) სხვა წყაროდან;

 - მოსამართლეებს 2,3 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 2,6 მილიონი ლარის საჩუქარი - უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 129.5 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრები ავტომობილების ან სხვადასხვა ფასიანი ნივთების სახით;

 - საკონსტიტუციო სასამართლო წევრებიდან, 2020-2022 წლებში საჩუქარი მიღებული აქვს მხოლოდ ევა გოცირიძეს - ოჯახის წევრისგან ფულადი თანხა 19.6 ათასი ევრო.

 - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან მშობლებისგან ძვირადღირებული საჩუქრები მიიღეს ალექსანდრე წულაძემ (მიწის ნაკვეთი, 200000 USD) და გიორგი მიქაუტაძემ (ფულადი თანხა, 100000 USD);

 - 2020-2022 წლებში 18 მოსამართლის მიერ მიღებული საჩუქრების ღირებულება აღემატება 100 ათას ლარს;

 - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული (მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო) მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის წევრებს (მეუღლეს და შვილს) 2020-2022 წლებში მეუღლის დედამ უცხოეთიდან საჩუქრის სახით გამოუგზავნა 68,8 ათასი აშშ დოლარი და 2,3 ათასი ლარი;

 - მონიტორინგის ფარგლებში მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 7 შემთხვევა გამოვლინდა;

 - მოსამართლეების ცალკეული დეკლარაციები, არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას, საჩუქრის მიმღებსა და გამცემს შორის კავშირის შესახებ." ნათქვამია კვლევაში.

IDFI-ის დასკვნით, კითხვებს აჩენს საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების წარმომავლობა, რისი სრულფასოვანი შესწავლაც დამატებითი მოკვლევის ჩატარებას საჭიროებს. ამ მხრივ, განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველად შესაძლებელია შეფასდეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“ დასანქცირებული თუ ე.წ. სასამართლო კლანის სხვა წევრების მიერ ოჯახის წევრებისგან მიღებული სოლიდური ფულადი საჩუქრები. მაგალითად, სააპელაციოს სასამართლოს სანქცირებული მოსამართლის მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის წევრების მიერ უცხოეთიდან მიღებული საჩუქრები (68,8 ათასი აშშ დოლარი). ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის მიერ დედისგან საჩუქრად მიღებული ფულადი თანხა 100 ათასი აშშ დოლარი და სხვა.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეები არ წარმოადგენენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეებს, მათზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მოქმედება, მათ შორის საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაციები. შესაბამისად, მოსამართლეების შემთხვევაშიც საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს იდენტური შეზღუდვები, რაც სხვა საჯარო მოსამსახურეებზე. კერძოდ, მოსამართლეებს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე. წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 5%-ს. ოჯახის თითოეული წევრის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1,000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 500 ლარს. 

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით აწესებს გამონაკლისებს. მათ შორის, კანონის მიზნებისთვის საჩუქრად არ ითვლება ოჯახის წევრისგან და ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქარი. საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით რაიმე სახის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრისთვის, რომელიც მიიღებს კანონით აკრძალულ საჩუქარს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი