
სოფელ არხილოსკალოში ვეფხისა და მოყმის ძეგლთან, სადაც 3 წლის ბავშვი დაიღუპა, დღეს დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. გორაკი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და იქ მისულ ადამიანებს გადაადგილების საშუალება შეზღუდული აქვთ. თუმცა, პოლიციელები არ აკონკრეტებენ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოდან არის. ისინი მომხდარზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. რაც შეხება ადგილობრივებს, ისინი ამბობენ, რომ ძეგლი კომუნისტების დროს დაიდგა და მას შემდეგ ყურადღება აღარავის მიუქცევია. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა არ დაინტერესებულა, ამორტიზებულია თუ არა ძეგლი და რამდენად უსაფრთხოა აქ მოსული ადამიანებისთვის.
"...თქვენ სხვა რაღაც გინდათ...თქვენს ინტერესებში არ შედის...კარგით ეხლა. მე იმის ნერვები არ მაქვს ეხლა თქვენ გესაუბროთ," - ასე პასუხობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი "მთავარი არხის" შეკითხვებს. მათ შორის, კითხვას, თუ ბოლოს როდის შემოწმდა ძეგლის მდგომარეობა.
არხილოსკალოში მისული იყო ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელიც, რომელმაც ვერ გასცა პასუხი ჩვენს კითხვას, მოხდა თუ არა ძეგლის მდგომარეობის შემოწმება და იმუშავა თუ არა ამაზე შესაბამისმა კომისიამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ია გულიაშვილი
ასევე ნახეთ: