სახელმწიფოსგან 1 ლარად ნაყიდი მიწა ბათუმში 4 მლნ დოლარად გაიყიდა | "ბათუმელები"

გამოქვეყნდა:

სახელმწიფოსგან 1 ლარად ნაყიდი მიწა ბათუმში 4 მლნ დოლარად გაიყიდა - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ შპს "ADOG-GEORGIA"-ს ბათუმში, გოგებაშვილის #6-ში სასტუმრო უნდა აეშენებინა და ქალაქის ცენტრში, ზღვასთან ახლოს მდებარე 1621 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ქონება პირდაპირი წესით და სიმბოლურ ფასად 2011 წელს სწორედ ამ პირობით გადასცეს.

"კომპანიამ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. მთელი ამ წლების განმავლობაში მშენებლობა რამდენიმეჯერ განაახლეს, თუმცა უშედეგოდ. ეს განახლებები საძირკველს ვერასდროს გასცდა. შპს „ADOG-GEORGIA“-ს 100-ვე პროცენტი და მასთან დაკავშირებული ქონება მისმა მფლობელმა -„კუბიკ თაუერს“ 4 მილიონ დოლარად მიჰყიდა. თავის დროზე სწორედ ეს ქონება მიიღო სახელმწიფოსგან 1 ლარად „ADOG-GEORGIA“-მ. კომპანიის მფლობელი იყო აზერბაიჯანის მოქალაქე მუსა სულეიმანოვი, ხოლო დირექტორი მიხეილ ძოძუაშვილი", - წერს გამოცემა. 

ცნობილია, რომ მიხელ ძოძუაშვილი ბათუმის მერის მოადგილის, სოფო ხალვაშის მეუღლეა.

ასევე, "ბათუმელები" წერს, საბოლოო შეთანხმება "ADOG-GEORGIA"-ს მფლობელმა მუსა სულეიმანოვმა და შპს „კუბიკ თაუერის“ მფლობელებმა 2022 წელს გააფორმეს. კომპანია ასივე პროცენტით „კუბიკ თაუერის“ საკუთრებაში გადავიდა. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით კი ირკვევა, რომ მოლაპარაკებები ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით კომპანიებს შორის 2019 წელს დაიწყო. ამ დროს შედგა პირველი შეთანხმებაც. მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული ხარჯისა და კომპანიის საკუთრებაში არსებული დავალიანების დაფარვაზე, ასევე ყადაღადადებული ქონების ვალდებულებებისგან გათავისუფლებაზე. შეთანხმების საგანი იყო სრული თანხის გადახდის გრაფიკი და პირობებიც.

"შპს „კუბიკ თაუერის“ 90 პროცენტს  შპს „მარდი კორპორაცია“ ფლობს, 10 პროცენტი კი რამინ ბალაძის საკუთრებაა. „მარდი კორპორაციას“ 50 პროცენტს „მარდის“ დამფუძნებელი ირაკლი თურმანიძე, 50 პროცენტს კი მიხეილ ძოძუაშვილი ფლობს, რომელიც კომპანიის გაყიდვამდე „ADOG-GEORGIA“-ს დირექტორი იყო", - წერია სტატიაში.

ცნობისთვის, 2011 წელს დადებული შეთანხმებით, შპს „ADOG-GEORGIA“-ს 22-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „კუბთაუერი“ ბათუმში 40 თვეში უნდა აეშენებინა. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი მინიმუმ 100 ადამიანი უნდა დაესაქმებინა. კომპანიამ ეს ვადები დაარღვია. ახალი შეთანხმებით, 2016-2017 წლებში, კომპანიას უნდა დაესრულებინა ნულოვანი ნიშნულის, მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების მშენებლობა.

2018 წლის 1 თებერვლამდე კი, ბათუმის მერიასთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, უნდა  დაესრულებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა არანაკლებ 22-სართულიანი შენობა, ხოლო 2018 წლის 11 თებერვლამდე ამ შენობაში არანაკლებ 180-ნომრიანი სასტუმრო და კაზინო უნდა აემოქმედებინა. ამ ყველაფერში კომპანიას 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა; სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უნდა შეექმნა არანაკლებ 100 სამუშაო ადგილი.

2019 წელს ე.წ. „კუბთაუერის“ მშენებლობაზე კერძო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად გააუქმა. თუმცა 1 ლარად გაყიდული ქონება საკუთრებაში ვერ დაიბრუნა.

ფოტო: "ბათუმელები"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი