
ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბენეფიციარები თითქმის სამი თვეა აუცილებელი სარეაბილიტაციო სერვისის გარეშე არიან დარჩენილნი. ცენტრის ბენეფიციართა მშობლები 25 სექტემბრიდან მოყოლებული ითხოვენ პრემიერმინისტრთან შეხვედრას შენობის გამოყოფის მოთხოვნით.
მათი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა მათ "ევექსთან" მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ აცნობა, თუმცა კლინიკის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჯერ არ შემდგარა.
"ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გამოეყო სახელმწიფოს სივრცე, სადაც ცენტრი გადავიდოდა, იმიტომ, რომ ჩვენ დავრჩით სივრცის გარეშე. ერთადერთი ვარიანტი რაც შემოგვთავაზეს იყო ის, რომ "ევექსის" კლინიკაში მომხდარიყო როგორც ბავშვების, ასევე თერაპევტების სრულად გადაყვანა. ველოდებით ამ შეხვედრას, ძალიან დიდი დრო გავიდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ უნდა იფუნქციონირონ ამ ბავშვებმა, ამას სწავლობდნენ ამ თერაპიაზე და დარჩნენ ამ ყველაფრის გარეშე", - ყვება მშობელი, მარი კორკოტაძე.
ცნობისთვის, სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ილიას უნივერსიტეტის C კორპუსს სადაც ცენტრი განთავსებული იყო, პრობლემები შეექმნა. საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით C კორპუსში სასწავლო-კვლევითი ან ნებისმიერი პროცესის წარმართვა საფრთხის შემცველია, შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს. C კორპუსში დაგეგმილი სასწავლო და კვლევითი პროცესი უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში გადანაწილდა, რაც შეეხება, ბავშვთა და მოზარდთა ცენტრს, მიმდინარეობდა მუშაობა, რომ ბენეფიციარებიც და სპეციალისტებიც სხვა ცენტრებში გადანაწილებულიყვნენ.