თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. შერჩეულ არეალებში პროექტი შეეხება დაახლოებით 27 684 მიწის ნაკვეთს. დედაქალაქში პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტი.
"რეფორმის ფარგლებში სრულებით უფასოდ აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. აღსანიშნავია, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირდება როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში (მფლობელობაში) არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები, თუმცა აქ გასათვალისწინებელია გარკვეული წინაპირობები, რის შესახებაც მოქალაქეები იქნებიან ინფორმირებული.
ამ პროცესში ერთვება თბილისის მუნიციპალიტეტი და მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია დაიწყება ახალდაბაში, ბეთანიაში, კვესეთში, კიკეთსა და საღორისში. დეკემბერში ამ პროცესში ჩაერთვება წყნეთი, ხოლო 2024 წლის თებერვალში - კოჯორი, აპრილში - ტაბახმელა, შინდისი და წავკისი, ივლისში - ძველი ვეძისი, დიდგორი და დიღომი. მიწის სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება ზემოხსენებული დასახლებების გარკვეულ არეალებში." თქვა პრეზენტაციაზე კახა კალაძემ.
მისივე თქმით, შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები და ხელი შეეწყობა უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას.
იმისთვის, რომ მოქალაქემ გაიგოს, არის თუ არა რეფორმის მონაწილე, უნდა ეწვიოს პლატფორმას - MAPS.GOV.GE და გადაამოწმოს მონაცემები.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია, თუ მიწის ნაკვეთი მოქალაქეს 2007 წლის 20 სექტემბრამდე თვითნებურად აქვს დაკავებული და მას სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის მომენტისთვის ფლობს, ხოლო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა და/ან მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიისაა. ამ შემთხვევაში დასაშვებია მასზე შენობა-ნაგებობა განთავსებული არ იყოს, ან საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ ემიჯნებოდეს. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. მიწის სისტემური რეგისტრაცია თბილისში ეხება მიწის ნაკვეთების მფლობელებს, რომელთაც არ აქვთ რეგისტრირებული საკუთრების უფლება.
იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც რეფორმის დაწყებამდე ვერ არეგისტრირებდნენ მიწის ნაკვეთს დოკუმენტაციის არქონის ან/და ხარვეზიანი დოკუმენტების, სამეზობლო დავის, აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის არქონის ან სხვა დაბრკოლების გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად ასრულებს ყველა იმ პროცედურას, რომელიც საჭიროა ნაკვეთის რეგისტრაციისთვის და მათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სიარული და დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ უწევთ.