თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა. ინფორმაციას "გილდია" ავრცელებს, რომელიც დამოუკიდებელ პროფკავშირებს წარმოადგენს კულტურისა და მედიის სფეროში.
"21 დღიანი მედიაციის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა, ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ!" - წერს გილდია.
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი აცხადებს, რომ გაფიცულები მათი და პროფკავშირების ახალი გაერთიანების წევრები არიან.
მათივე ცნობით, თეატრში სამუშაო მოცულობის ინტენსიურად გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა.
"მათი ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია. დასაქმებულები ითხოვენ ხელფასების მატებას!
ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ დამსაქმებელმა ორი თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან. ახლა უკვე გაფიცულთა მოთხოვნა ამ ადამიანების სამსახურში აღდგენაცაა.
მიუხედავად მედიაციის უშედეგოდ დასრულებისა, მოვუწოდებთ დამსაქმებელს დააკმაყოფილოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნები", - აღნიშნულია განცხადებაში.