არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის მორიგი ფაქტი შიდა ქართლში - რეგიონის ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში მყოფი მოზარდები, რომლებიც ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობდნენ, ამ დრომდე თავშესაფარში რჩებიან.
სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც მოზარდები გამოძიების დასრულებამდე უსაფრთხო ადგილზე უნდა გადაეყვანათ, დუმან და "მთავარი არხის" კითხვებს არ პასუხობენ. საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ სავარაუდო მსხვერპლების სხვა თავშესაფარში გადაყვანა
აუცილებელია, რათა ბავშვებზე პედაგოგების მხრიდან ზემოქმედება არ მოხდეს და მათ ჩვენებები არ შეცვალონ.
"გამოძიება უნდა იყოს ეფექტური და არასრულწლოვნების ინტერესებზე ორიენტირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ან მოძალადე უნდა იქნას გარიდებული ამ ბავშვებისგან, ან ბავშვები უნდა იყვნენ გამოყვანილი ამ დაწესებულებიდან და გადანაწილებული მათთვის უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში," - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, ლექსო მერებაშვილი.
ადგილობრივი მედიასაშუალება "TV მონიტორინგი" კი არასრულწლოვნების საუბრებს ავრცელებს, სადაც ისინი ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ.
ამავე თემაზე ნახეთ: