ქართველ სამართალდამცავებს კირბალის ყველა შესასვლელი ბლოკირებული აქვთ და ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს სოფელში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მიზეზად უსაფრთხოება სახელდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტებს მისცა პირობა, რომ მედიის წარმომადგენლებს სოფელში შესვლის საშუალებას მისცემენ.
"მთავარი არხი" ესაუბრა სოფლიდან გამოსულ მცხოვრებლებს:
"სალოცავში იყვნენ და იქ მივიდნენ ეტყობა ისინი [რუსები] და იქ მოხდა ეგ ინციდენტი. სხვა არაფერი არ ვიცი. მაგ საზღვარზე ხომ დადიან. [გიშლიდნენ აქამდე მოლოცვას ეკლესიის?] ჩვენიაო, არ გვიშვებდნენ იქ. [თქვენც რამდენჯერმე ხართ გატაცებული, როგორც ვიცით] მანდ, ტყეში ვიყავი, დამაკავეს, წამიყვანეს და გამომიშვეს, ერთხელ ორი თვე ვიყავი, ერთხელ ერთი კვირა და გამომიშვეს".
ტერიტორიაზე, სადაც გუშინ გასროლა მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე ჯგუფი რჩება.
6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. ირაკლი ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.