ოკუპანტების მიერ კირბალში გუშინ მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი თბილისის ექსპერტიზის ბიუროდან მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. სამართალდამცავებმა სოფელში შესვლის საშუალება მედიის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ მისცეს. უსაფრთხოების გამო სოფლის ყველა შესასვლელში პოლიციაა მობილიზებული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არის არა მხოლოდ სოფელ კირბალის ტრაგედია, არამედ მთელი ქვეყნის.
"შიშის ქვეშ ვართ, სულ ყველა შიშის ქვეშ ვართ. ეგეთი ვაჟკაცი ბიჭი ჩაცხრილეს. [...] ჩემი ორ-ორი ბიჭიც გატაცებული ჰყავდათ, ტყეში ვერ შევდივართ", - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხალხი შეშინებულია. კირბალი არის სოფელი, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ქართული ტაძრის კარი აჭედეს.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. ირაკლი ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.