სოფელ კირბალიდან გატაცებული ლევან დოთიაშვილის მამა იხსენებს გუშინ განვითარებულ მოვლენებს. 33 წლის კაცი ცხინვალის იზოლატორშია. ოჯახის თქმით, პოლიციისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ დაზიანებები გატაცებულს არ აქვს.
ოჯახი ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლება დროში გაიწელება, რადგან ის თამაზ გინტურის მკვლელობის მთავარი მოწმეა.
მამა ყვება, რომ დოთიაშვილს ცხინვალში წაყვანამდე თამაზ გინტურის ტელეფონით დაარეკინეს და ათქმევინეს, რომ ავტომობილი და დაჭრილი გინტური ფერდობზე იყო ჩამოყვანილი და წაეყვანათ.
"ჩამოათრიეს რუსებმა თვითონ, ჩვენ საზღვარზე გადმოიტანეს და წაიღეთ, მოაშორეთ, წაიყვანეთ მანქანაო. აბა ვინ გამიშვა, გავრბოდი და დამიჭირეს და არ გამიშვეს რომ მენახა, თორემ შეიძლება ცოცხალიც იყო ის ბიჭი. ჩემი მეგობარი იყო ისიც. დარეკვით, ჩემ ბიჭს დაარეკინეს მიცვალებულის ტელეფონით 112-ში, რომ დაჭრილი არის და წაიყვანეთ, მიხედეთო, ჩემმა ბიჭმა. ჩემი ბიჭი, დაინახეს, რომ წითელი ეცვა და ეგრე გადაატარეს, ესე იგი, ჩემ ბიჭს არაფერი დაზიანება არ აქვს", - ყვება გატაცებულის მამა.
თამაზ გინტურის ცხედარი ცოტა ხნის წინ გადაასვენეს სოფელ კირბალში. გატაცებული და მოკლული გინტურის მამის საფლავზე იყვნენ, შემდეგ კი სალოცავში სანთლის დასანთებად ავიდნენ. ადგილობრივები ყვებიან, რომ მანქანას არაერთი ნატყვიარი აქვს, გინტურს კი ჭრილობები ზურგის არეში აქვს.
გინტური 2008 წლის ომის მონაწილე იყო.