
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) აცხადებს, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და სოლიდარობის ფონდის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგეს. საქმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურების არ გაწევას ეხებოდა.
დაახლოებით ერთწლიანი დავის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით წერეთელმა ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება - ჯამში 7 130 ლარის ოდენობით.
"ჯერ კიდევ 2021 წლის 9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ყველა ქცევის დარღვევის ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირი, ვისაც ესაჭიროება ზოგადი ანესთეზიით, ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების მიღება - უფასოდ ანუ, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღებდა ამ მომსახურებას.
ეს იყო პირველი საქმე საქართველოში, რომლის წარმოებაც სპეციალური მოსარჩელის სტატუსით მოხდა. აღნიშნული საქმე პრეცედენტული იყო, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. ამ საქმეს #PHR-ი აწარმოებდა.
დროებითი განჩინების აღსასრულებლად საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდათ. აღნიშნული ვადა სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია. ამ დროის განმავლობაში ბავშვს კბილი, რომელიც ჯანსაღ იყო და დაბჟენას საჭიროებდა, ამოსაღები გაუხდა. ამასთან დედას მოუწია ფინანსური ხარჯის სრულად დაფარვა.
საქმეზე მუშაობდნენ ადვოკატები: თამარ კაპანაძე, სოფიკო მენაბდიშვილი, ანა არგანაშვილი," - წერს PHR.