რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი კირბალში სამძიმრებს იღებს. სოფელში მესამე დღეა მობილიზებულია პოლიცია.
თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური "მთავარ არხთან" მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ მის ძმა თანასოფლელთან ერთად მშობლების საფლავზე იმყოფებოდა, მოგვიანებით გადაწყვიტეს სოფლის ეკლესია მოელოცათ, რომლის კარიც გასულ ზაფხულს რუსებმა აჭედეს.
ოკუპანტებმა ზურგიდან ესროლეს, მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. ამ დრომდე ფერდობზე რჩება მისი ავტომობილი, რომელიც ჩაცხრილულია. ოჯახისთვის უცნობია როდის შეძლებენ სამართალდამცავები მანქანის გადმოყვანას ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
"ჩემ ძმას უყვარდა ეკლესია. ჩემი ძმა იყო უშიშარი. სადაც გინდა ყოფილიყო, მივიდოდა და ყველა ეკლესიაში მოილოცავდა, სანთელ დაანთებდა, შეიძლებოდა ჭიქა ღვინო დაელია. ეგ იყო ჩემი ძმა, თამაზ გინტური, რომელიც შევიდა ეკლესიაში, ლომისა გენაცვალეო. ყველა კადრი მძიმე სანახავია, რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის", - ამბობს ნიკოლოზ გინტური.
"ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე და შენი ჩამჭედის დედას შე***ი!" ეს იყო თამაზ გინტურის ბოლო სიტყვები, რომელიც ისმის ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ვიდეოში. ვიდეოს, სავარაუდოდ, ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი იღებდა.