პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ცოლმა. სოფიო ანდრიაძე ითხოვს მისი ქმარი სახლში დააბრუნონ. დოთიაშვილი ოკუპანტებს, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. უცნობია როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან როდის გაიმართება ე.წ. სასამართლო.
"არაფერი არ ვიცი, ჯანმრთელობის შესახებ. ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, დამიბრუნონ, მეტს არაფერს არ ვითხოვ. ჯანმრთელი დაუბრუნონ თავის შვილებს, თავის ოჯახს. მეც ყველაფერს ველოდები, რა იქნება. [...] ბაზრიდან ახალი მოსული იყო, დაღლილი, დაქანცული,საშინაო ფორმით არის წასული. ვაშლი უნდა დაედო და ბაღში უნდა წავსულიყავით, არავის გამოუვლია", - ყვება სოფიო ანდრიაძე
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. ირაკლი ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.