"უკანონო დაკავების დროს ლევან დოთიაშვილს მიაყენეს დაზიანება... მკვლელობის დეტალებზე გამოიკითხება შსს-ში", - ამის შესახებ სუს-ის წარმომადგენელი ირაკლი ანთიძე ერგნეთში, ჟურნალისტებთან საუბრობს. კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც სეპარატისტებმა გატაცებული დოთიაშვილი ქართულ მხარეს გადმოსცეს.
"რამდენიმე წუთის წინ ცენტალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი. ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ და არ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვესაუბრა მასთან. თუმცა, გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს... უკანონო დაკავების დროს მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში.
რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს. მოგეხსენებათ, ბატონი ლევანი გახლავთ ამ მკვლელობის თვითმხილველი და იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. როგორც მოგეხსენებათ, აღძრულია მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას და ამ საკითხებზე განცხადებები გაკეთდება მოგვიანებით", - ამბობს ანთიძე.