თამაზ გინტურის მკვლელობის მოწმე, ლევან დოთიაშვილი ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს და 6 ნოემბრის მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, თავდაპირველად ერთი რუსი ე.წ. პოლიციელი გამოჩნდა ლომისის ეკლესიასთან, მან გამაფრთხილებელი სროლა განახორციელა, შემდეგ კი დოთიაშვილსა და გინტურს გაესაუბრა. ის ყვება, რომ მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა.
თავდაპირველად მანქანაში ის ჩაჯდა, შემდეგ თამაზ გინტური. ის ამბობს, რომ მათი დაკავების მცდელობა არ ყოფილა "გაჩერებას გვთხოვდა თავიდან, მერე რაკი ვილაპარაკეთ, გავანეიტრალეთ რა".
"პირველი გაისროლა გამაფრთხილებელი, მე ვუთხარი, არ გინდა სროლა, დავილაპარაკოთთქო, ვსო დაწყნარდა... სანამ თამაზა გადმოვიყვანე, დაჭრილი მანქანიდან, მანამე იყო ის ერთი რუსი და მე", - იხსენებს დოთიაშვილი.
ის ყვება, რომ თავიდან მანქანას ესროლეს, საბურავები დაუცხრილეს, შემდეგ კი გინტურს დამიზნებით ესროლეს. დოთიაშვილი იხსენებს, რომ გინტურმა მოასწრო ეთქვა, რომ მგონი დაიჭრა და წელზე მოიკიდა ხელი, შემდეგ კი გონება დაკარგა. ამის შემდეგ ადგილზე სხვა ოკუპანტების გამოჩნდნენ, ჯამში 9 პირი.
"დამიზნებით გვესროდნენ, ჯერ საბურავები და მერე გამიზნული სროლა… მივდივართ რა, არაფერი უთქვამს, ეტყობა რაციაში დაუძახა, რა მოხდა არ ვიცი, ჩვენ მანქანაში ვისხედით შეიძლება დაგვიძახა რომ არ წახვიდეთო, ნუ ყოველ შემთხვევაში არ გაგვივია, მოგვდევდა სროლა სროლით, ბევრი გაისროლა.
მე თვითონ ვნახე ნატყვიარები, ზურგის, ხერხემლის არეში. ერთი თქვა, დამჭრაო და მოგარტყა-მეთქი და ხოო და ვსიო… მერე გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე, ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით. [იცით ვინ ისროლა?] დავინახე ვინც ისროლა, მაგრამ ცნობით ვერ ამოვიცნობ. ვიცი ეგ ფოტოები, მაგრამ ვერ ვიცანი. დანარჩენი 7 ამოვიდა 5-6 წუთის შემდეგ, სროლის შემდეგ, თამაზი რომ გადმოვიყვანე და სასწრაფოში რომ დავრეკე და ყველას გავაგებინე იმის მერე 7 მოვიდნენ და წამიყვანეს", - ყვება დოთიაშვილი.
ის იხსენებს დაკავების მომენტსაც და ამბობს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დოთიაშვილს დაზიანებები აღენიშნება.
"გზაში კი რაღაცა იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი იყო, ყველა იყო იარაღით… [მირტყამდნენ] ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე", - თქვა დოთიაშვილმა.