პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე საქართველოს გარკვეულ ტერიტორიებზე ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილება აკრძალული იქნება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შსს-მ მოამზადა და მას პარლამენტი განიხილავს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონდამრღვევი 100 ლარით დაჯარიმდება და ასევე მოაკლდება მართვის მოწმობის 5 ქულა.
"წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც განისაზღვრება ზამთრის პერიოდში გადაადგილებისათვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი უნდა იყოს ზამთრის საბურავებით.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაადგინოს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული პერიოდი. ამავე, მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ დანაყოფს შესაძლებლობა ექნება დააწესოს დამატებითი მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ზამთრის საბურავებთან ერთად არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე დამაგრებული უნდა ჰქონდეს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. დასახელებული საგამონაკლისო ნორმები იძლევა შესაძლებლობას, კლიმატური პირობების უეცარი ცვლილების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს საგზაო უსაფრთხოების დაცვა" - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონი მიღების შემთხვევაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. კანონპროექტის ავტორია შსს, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.