"არავინ არ უნდა კვდებოდეს რუსების გამო ამ მიწაზე" | აქტივისტებმა კირბალში სასაფლაოს ტერიტორიაზე საქართველოს დროშა აღმართეს

გამოქვეყნდა:

თამაზ გინტურის დაკრძალვის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა კირბალში, სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე ძველი ეკლესიის თავზე. საქართველოს დროშა აღმართეს. რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა გააცილეს. 

"ოკუპაცია უნდა შეწყდეს რუსების მიერ, ეს გავლენებიც უნდა მოისპოს, საბოლოოდ, საქართველოში და აღარავინ არ უნდა ეწირებოდეს, არცერთი საქართველოს მოქალაქე...არავინ არ უნდა კვდებოდეს რუსების გამო ამ მიწაზე ," - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა. 

სავარაუდოდ, ამ ყველაფერს თვალს ადევნებდნენ რუსი ოკუპანტებიც, რომელთა გადაადგილების შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ განაცხადა. ქაცარავას თქმით, ოკუპანტების მობილიზება შეინიშნებოდა და გინტურის დაკრძალვის პროცესს თვალს ადევნებდნენ.

"ყველა ჩვენგანს ახსენდება ეხლა თამაზ გინტურის სიტყვები - "ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედას შევე*ი." ოკუპანტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ არასოდეს უკან არ დავიხევთ და არასოდეს უარს არ ვიტყვით ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე.

ოკუპანტები დაახლოებით ნახევარი საათის წინ იმყოფებოდნენ ზუსტად, აი, ამ საგუშაგოზე, რომელიც, ახლა, ფაქტობრივად, უყურებს აქაურობას და დიდი ალბათობით გვაკვირდებიან კიდევაც. ისინი არიან შეიარაღებულები," - ამბობს ქაცარავა.

გინტურის დაკრძალვას ესწრებოდა ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელიც წარსულში თავადაც იმყოფებოდა რუსების ტყვეობაში.

"ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა და ყველა ჩვენგანი დამნაშავე ვართ, რომ ასეთი სავალალო ფაქტი მოხდა. იმიტომ, რომ ჩემით დაწყებული და ჩვენი პრემიერმინისტრით დამთავრებული, ყველა ვართ ჩუმად და არ ვეწინააღმდეგებით ამ ოკუპაციას. ოკუპაცია უნდა დამთავრდეს. რუსეთი არის ჩვენი მტერი," - განაცხადა გაფრინდაშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი