
მევენახეების პროტესტი კახეთში - ამ წუთებში წინანდლის ღვინის ქარხანასთან მევენახეები იკრიბებიან, რომლებიც ჩაბარებული ყურძნის დავალიანების მიღებას უკვე ორი თვეა ითხოვენ. საუბარია ასი ათასობით ლარზე.
მათ არაერთხელ მიიღეს დაპირება, რომ კომპანიას, რომელსაც დაქირავებული ჰქონდა ქარხანა, გაისტუმრებდა ამ თანხას. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მევენახეებს კომუნიკაცია ჰქონდათ კახეთის გუბერნატორთანაც და დაპირება მისგანაც ჰქონდათ მიღებული. თუმცა, უშედეგოდ.
"ბოლო კომუნიკაცია [ღვინის ქარხანასთან] შედგა ორი კვირის წინ. დაიმალა ერთ-ერთი წარმომადგენელი მაგათი, ვინც ყურძენი ჩაიბარეს. 371 კაცი ვართ დაზარალებული. აქედან ნახევარზე მეტს ბანკის ვალები აქვთ... მე შეკითხვა მაქვს ღვინის სააგენტოსთან - რა კრიტერიუმით შემოუშვა ეს კომპანია და რატომ აძარცვინებს ამ საწყალ გლეხობას? მე პირადად ვარ დაზარალებული. თუ აცხადებს, მაგალითად, ჩვენი პრემიერი, რომ რთველი ჩატარდაო ნორმალურადო, შედეგი სახეზეა, როგორ ჩატარდა რთველი. ჩვენ ახლა გლეხობა ვიკრიბებით, მთლიანად მოვუყრით თავს და არ გავჩერდებით. საომარი, რომ გაგვიხდეს, არ გავჩერდებით. იმიტომ, რომ მთლიანი წლის მოსავალი გვიდევს აქ, ფაქტობრივად," - ამბობს ერთ-ერთი მევენახე.
ავტორი: ია გულიაშვილი.