უკრაინული საქველმოქმედო ორგანიზაცია "სვიტანოკი" აცხადებს, რომ მწერალთა სახლმა თანამშრომლობაზე უარი უთხრა, თუმცა მიზეზი არ განუმარტავთ.
"ივლისსა და აგვისტოში ორი გამოფენა გვქონდა მწერალთა სახლში. ამის შემდეგ ჩვენ ვეღარ შევთანხმდით პარტნიორობის გაგრძელებაზე. ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ წერილი მივწერეთ მწერალთა სახლის ოფისს პარტნიორობის გაგრძელების შესახებ და გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი სამსახურიდან შეგვატყობინეს, რომ, სამწუხაროდ, ვერ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ამის შესახებ ჩვენ სატელეფონო საუბრისას გვაცნობეს, მაგრამ რა გახდა უარის მიზეზი, არ ვიცით," - ამბობენ ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოში ომის დაწყების შემდეგ დაარსდა.
აღნიშნულ ინფორმაციას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთი დუმბაძე "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში არ ადასტურებს:
"არაფერზე უარი არ მითქვამს. მით უმეტეს, უკრაინაზე. როგორ ვიტყოდი რამეზე უარს საერთოდ, ადამიანობიდან გამომდინარე, და საერთოდ, არანაირი წერილიც კი არ მომსვლია მსგავსი.
[ჟურნალისტი: ოფიციალური წერილი არსებობს, რომელიც მწერალთა სახლს მიწერა ამ ორგანიზაციამ და დაურეკეს მწერალთა სახლიდან...]
და ჩემი ხელმოწერა ადევს უარს?...ე.ი. ვიღაცა აქ მყავს საბოტაჟნიკი, იმიტომ, რომ მსგავსი წერილი არ მოსულა და ეს არის სპეციალურად გაკეთებული. მე მაგას გავარკვევ და ძალიან სეროზულად დავსჯი ასეთ ადამიანს, ვისაც ეს აქვს გაკეთებული. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ძალიან გთხოვთ გამირკვიეთ ვინ გააკეთა ეს და მე მივხედავ ამას... მე კი გავარკვევ, მაგრამ, მე გამოძიება უნდა ჩავატარო და მერე მოგცემთ ინტერვიუს," - ამბობს დუმბაძე.
მას შემდეგ, რაც საკითხით "მთავარი არხი" დაინტერესდა, "სვიტანოკის" ხელმძღვანელს მწერალთა სახლიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ სექტემბერში მათი სურვილი იმ მიზეზით ვერ შესრულდა, რომ ტექნიკური ხასიათის დეტალები ვერ შეათანხმეს.
ორგანიზაციას ახლა (მას შემდეგ, რაც "მთავარი არხი" დაინტერესდა თემით) ეუბნებიან, რომ თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება, მაგრამ რა ფორმით უცნობია.