საბედისწერო ტური შატილში - ტრაგედიის 17 მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

22 წლის ხატია ზაალიშილი, 25 წლის მე­დეა დევ­სუ­რაშ­ვილი, 26 წლის კობა ყაჭიური, 31 წლის ნუცა ყანადაშვილი, 68 წლის დავით სისაური.. შატილში მოგზაურობა 17 ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ისინი ხევსურეთში 23 აგვისტოს თბილისიდან ერთღიანი ტურით გამთენიისას წავიდნენ. უკან დაბრუნებისას კი გზაზე მათი მიკროავტობუსი ხევში გადაიჩეხა. 17-ვე ადგილზე გარდაიცვალა.

სოფელ ბისოსთან, 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდნილ მიკროავტობუსში ისხდნენ კომპანია "სისაურის ხინკლის'' თანამშრომლები. ოჯახებთან ბოლო სატელეფონო კონტაქტი მათ შატილიდან ჰქონდათ. ტრაგედიის შესახებ კი მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაიგეს. ავარიას კომპანიის დირექტორი დავით სისაური და მისი ხუთივე თანამშრომელი ემსხვერპლა.  

შატილში წასვლას დავით სისაურის შვილი და შვილიშვილიც აპირებდნენ, თუმცა, საბოლოოდ კომპანიის დირექტორი მათ გარეშე წავიდა. უბედურ შემთხვევაზე პასუხს ითხოვს ოჯახი - ვინ არის პასუხისმგებელი და რატომ არ გადაიდო ტური ცუდი ამინდის მიუხედავად. 

შატილში სამოგზაუროდ იყვნენ წასული რუსთავში მცხოვრები დები. უბედურ შეთხვევას გადაურჩა 23 წლის ხატია დევსურაშვილი, ის საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობით გადაიყანეს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ხატიას და, 25 წლის მე­დეა დევ­სუ­რაშ­ვი­ლი ადგილზე დაიღუპა.  

2 წლის შვილი დარჩა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერტსიტეტის მეორე კურსის სტუდენტს ხატია ზაალიშვილს. თავადაც ტურიზმს სწავლობდა და ტურ-მენეჯერადაც მუშაობდა. 

მოგზაურობით იყო გატაცებული 31 წლის მხატვარი ნუცა ყანადაშვილი. ბოლო საბედისწერო ტურზე დედასთან, მაია მამუჩაშვილთან ერთად წავიდა. ტრაგიკულ შემთხვევას ორივე ემსხვერპლა. ცხედრები პროზეტურიდან ოჯახებში რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს.

80-მეტრიან ხევში გადავარდნილ მანქანაში მსხდომი 20 ადამიანიდან სამი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ნატალია თხელიძეს, ხატია დევსურაშვილსა და ხათუნა არღვლიან მრავლობითი დაზიანებით საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ. 

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა გახდა 23 აგვისტოს ამ ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა.

მათი ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი