კირბალი, მეჯვრისხევი, აძვი, ახალუბანი, ჯარიაშენი, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქართული სოფლების, რომლის სალოცავების ოკუპაციაც მოხდა, ან ტაძრების ნაწილი იმდენად ახლოსაა ე.წ. საზღვართან, რომ მათთან მისვლის საშუალება ადგილობრივებს არ აქვთ. ტაძრების მიმდებარედ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არიან ჩასაფრებულები.
სოფელ მეჯვრისხევში, კირბალის მსგავსად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქციეს ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი. სოფელში ყვებიან, რომ ოკუპანტებმა აჭედეს კარი და ადგილობრივებს მისი მოლოცვა აუკრძალეს. ხშირია შემთხვევები, როცა ტაძრის მიმდებარედ გადაადგილდებიან შეიარაღებული ფორმიანები ძაღლებით და მშვიდობიან მოქალაქეებს გატაცებით ემუქრებიან. ანალოგიური ვითარებაა სოფელ აძვში, სადაც 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გართულად ვითარება, ვინაიდან ოკუპანტებმა წმინდა გიორგის ეკლესიასთან დადგეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი აბრა და ამის შემდეგ არაერთი მოქალაქე გაიტაცეს.
"მანდ არის პატარა ეკლესია, მცირე, მაგრამ არ გვიშვებენ რა, ლომისობა როცა არის დღესასწაული, არ გვიშვებენ რუსი ოკუპანტები არიან მრავლად, მოსახლეობას ეშინია, რომ არ დაიჭირონ და არ წაიყვანონ ცხინვალში. ძალიან ბევრ სოფელს არ აქვს ლომისა, მოდიოდნენ სხვა სოფლებიდან როცა დღესასწაული იყო ლოცულობდნენ აქ", - ამბობს მეჯვრისხევის მკვიდრი, ვასილ ზანგურაშვილი.
მეჯვრისხევის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაახლოებით 2 წელია ტაძარში აღარ ასულან.