გახსენდებათ რომელიმე მინისტრი, ან "ქართული ოცნების" რომელიმე ლიდერი, ან რომელიმე მაღალი ან საშუალო რანგის ჩინოვნიკი, რომელმაც საკუთარი შვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაუშვა, და ეს ფაქტი სამშობლოს წინაშე მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მაგალითად წარუდგინა საზოგადოებას და სხვებსაც მოუწოდა, რომ მიებაძათ მისი შვილისთვის?
თუმცა იგივე ადამიანების მხრიდან ფსევდოპატრიოტული მოწოდებები, რომ სავალდებულო სამსახურში უნდა გაიწვიონ ახალგაზრდები, ძალიან ბევრი გვესმის. მეტიც, ახალი თავდაცვის კოდექსი შეიმუშავეს, და მიღებამდე მასში დამატებითი ცვლილებების შეტანაც მოასწრეს, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოიცვან და ამ ჯგუფზე ზემოქმედებისთვის მაქსიმალურად ბევრი ბერკეტი გაიჩინონ. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ახალგაზრდების დაშინება, კონტროლი და შანტაჟი უჭირს "ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად. და აი ერთგვარი გამოსავალიც მოიძებნა.
ჩვენი რეგიონისა და ეპოქის სპეციფიკის გათვალისწინებით ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანას საკუთარი თავის დაცვა შეეძლოს. მაგრამ, როდესაც 11 წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ხელისუფლება ბევრს არაფერს აკეთებს, როცა გამოცდილ სამხედროებს დაატოვებინეს ჯარი, როცა ქართველი მებრძოლების პირადი საქმეები რუსი ოკუპანტების ხელში გადადის და როცა თავდაცვის მინისტრი რუსეთს გამოწვევას ეძახის და არა მტერს. აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება: რეალურად, თუ აკეთებს რამეს ხელისუფლება ჯარის სიძლიერის, პრესიტიჟისა და თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.