"დღეს ბავშვს დაბადების დღე აქვს, 8 წლის გახდა. ასე ქუჩაში როგორ უნდა დავტოვო?" | აფრიკის დასახლების მცხოვრებლები უსახლკაროდ დარჩნენ

გამოქვეყნდა:

აფრიკის დასახლებაში, უკანონო სახლების დემონტაჟი მერიამ გვიან ღამით დაიწყო. მუნიციპალური ინსპექციის მძიმე ტექნიკა ტერიტორიაზე სწორედ ამ დროს გამოჩნდა. ადგილობრივები მცირეწლოვანი ბავშვებით,  საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. 

ერთ თვეზე მეტია უკვე ვცხოვრობ, ყველაფერი შიგნით მედგა. დღეს ბავშვს დაბადების დღე აქვს, 8 წლის გახდა. ასე ქუჩაში როგორ უნდა დავტოვო, სად წავიყვანო, არაფერი არ გამაჩნია. მოგვცენ საცხოვრებელი და კი ბატონო, არაფერს აღარ ავაშენებ ამ ოხერ მიწაზე, მაგრამ რო არა მაქ რა ვქნა?დავრჩი ღია ცის ქვეშ. მთელი ღამე ვიდექი და ვუყურებდი, საიდან რა ვქნა. [ბავშვი] კიოდა, წიოდა, მთელი ღამე ვერ ვაწყნარებდით ისეთ დღეში იყო. " ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ხალხი ამბობს, რომ მუნიციპალურ ინსპექციას ტერიტორია მონიტორინგის ქვეშ ჰყავდა, თუმცა მოსალოდნელ დემონტაჟზე არ გაუფრთხილებიათ.

კალაძის უწყებამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის  მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, სახელმწიფო და მუნიციპალური  მიწების უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის  მიზნით, 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი განახორციელა.

ამავე განცხადებაში მერია  მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ  "უკანონო  ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომელიც ჰპირდებიან მათ  სახელმწიფო მიწების დაკანონებას, რომ არ  მიიღონ ფინანსური ზარალი".
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი