ოკუპაციის მსხვერპლი - აფხაზეთიდან სამეგრელოში პენსიის ასაღებად წასული მამაკაცი ენგურში დაიხრჩო

გამოქვეყნდა:

პენსიის ასაღებად წასული მამაკაცის ცხედარი მდინარე ენგურმა ორსანტიასთან გამორიყა. უმძიმეს გაჭირვებაში მცხოვრები 65 წლის კაცი დევნილთა შემწეობისა და პენსიისთვის სამი დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან წამოვიდა. ოჯახისთვის ფქვილის, შაქრის, ზეთისა და სხვა პროდუქტების ყიდვას გეგმავდა, თუმცა, სავარაუდოდ, ადიდებული მდინარის გადმოლახვა ვერ შეძლო და დაიხრჩო.     

ოთარ ჯობავას ცხედარი გამთენიისას სოფლის ერთ-ერთმა მოსახლემ იპოვა, მან ჯერ მეზობლებს, შემდეგ კი პოლიციას შეატყობინა, ადგილზე სამაშველო ჯგუფებიც მივიდნენ და მიცვალებული პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ ჩაკეტილი გზების გამო, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი მოქალაქეები იძულებული ხდებიან სურსათისა და მედიკამენტებისთვის მდინარე ენგურის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

ოთარ ჯობავას ნათესავები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ, "მთავარ არხს" უყვებიან, რომ 65 წლის მამაკაცის მსგავსად ათობით ქართველი სიცოცხლის რისკის ფასად ენგურზე შავი გზით გადმოდის. აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ამბობენ, რომ სახელმწიფოს დიდი ხანია დაავიწყდა მათი უმძიმესი მდგომარეობა და ხელისუფლებას დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვენ.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი დღეს ზუგდიდში, ნათესავის ოჯახში მიასვენეს. ოჯახში, სადაც 65 წლის კაცის გადაასვენეს, კომენტარისგან თავს იკავებენ. ფიქრობენ, რომ თუ მედიით ისაუბრებენ, მიცვალებულის აფხაზეთში გადასვენების უფლებას ოკუპანტები აღარ მისცემენ.

რამდენიმე თვეა, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას ე.წ საზღვარი ჩაკეტილი აქვს, ბოლო თვეების განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე გახსნეს, რაც საკმარისი არ არის, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები პენსიასა და სხვა ფინანსურ დახმარებას სწორედ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ. პანდემიისა და ოკუპაციის ფონზე მათ ახლა მძიმე დღეები აქვთ.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი