36 000 ლარი სპორტული მოედნისთვის - მოსახლეობა ატენის კულტურის სახლის რეაბილიტაციას, წლებია ითხოვს

გამოქვეყნდა:

ატენის კულტურის სახლი, რომლის რეაბილიტაციაზეც შარშან ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 000 ლარზე მეტი უნდა დახარჯულიყო, ახლა თივისა და სამშენებლო მასალების სათავსოა. ადგილობრივები შენობის რეაბილიტაციას, წლებია, ხელისუფლებისგან უშედეგოდ ითხოვენ. ამბობენ, რომ სოფლის ახალგაზრდებს გასართობი ადგილი არ აქვთ.  

ოფიციალურ დოკუმენტზე წერია, რომ ატენის კულტურის სახლში 2019 წელს სპორტული კომპლექსი მოეწყო და ამაში 36 562 ლარი დაიხარჯა. სად წავიდა თანხა, "მთავარმა" გარკვევა სოფლის მაჟორიტართან სცადა. შოთა ვანიშვილი კითხვებმა დააბნია და იმის დამტკიცებას შეეცადა, რომ თანხა სპორტული სივრცის მოსაწყობად არა კულტურის სახლს, არამედ სკოლის ეზოში არსებულ შენობას მოხმარდა.

თავლად გადაქცეული კულტურის სახლი და გაუმართავად მოწყობილი სპორტული დარბაზი არ არის ატენელების ერთადერთი პრობლემა. სოფელში არც გზაა და არც სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.  ხელისუფლებას პასუხს მოსახლეობა უშედეგოდ სთხოვს. აქცია ადგილობრივებმა სოფლის ადმინისტრაციასთან გამართეს და მერის წარმომადგენელთან შეხვედრას შეეცადნენ. თუმცა სამუშაო საათებში შენობა დაბოქლომებული დახვდათ, თავად ნუგზარ მძინარაშვილს კი ტელეფონიც გამორთული ჰქონდა.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას საკუთარი სათქმელი იმ ტრანსპარანტებით მაინც უთხრეს, რომელიც ადმინისტრაციულ შენობასთან დატოვეს. ამბობენ, რომ პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ხელისუფლება ხალხის ფულის მიზნობრივად არ დახარჯავს.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი