მეოთხე ზამთარს გელათი თუნუქის დროებითი გადახურვით ხვდება. ის, რაც წესით ქართული კულტურის ფასდაუდებელი გვირგვინი უნდა იყოს, არაპროფესიონალიზმის, მავნებლობისა და კორუფციის სიმბოლოდ იქცა. ტრაგიკულ სიმბოლოდ, თუ როგორ ვუყურებთ მრავალსაუკუნოვანი ძეგლის განადგურების პროცესს. ხელისუფლებამ თავდაპირველ ეტაპზე პასუხისმგებლობისგან გაქცევა ნაცადი მეთოდით სცადა და ხელების გაშვერა რატომღაც წინა ხელისუფლებისკენ დაიწყო.
არადა რესტავრაციაც სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში დაიწყო, მანვე შეარჩია სამუშაოების შემსრულებელი და ვიდრე კატასტროფა თავს გამოაჩენდა, ეს პროექტი ხელისუფლებისთვის ერთგვარად საამაყოც იყო. მას შემდეგ კი, რაც ცხადი გახდა, რომ გელათის დაზიანების გამო პასუხისმგებლობას კულტურის სამინისტრო ვერ აიცილებდა, ხელისუფლებამ ერთგვარ პოლიტიკურ ტრიუკს მიმართა. კერძოდ, რესტავრაციაზე პასუხისმგებლობა ეკლესიას გადააბარეს. იმ გათვლით, რომ საზოგადოების კრიტიკა მთავრობას ასცდებოდა, და საპატრიარქოს ფაქტორის გათვალისწინებით შემსუბუქდებოდა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მხოლოდ პიარი სვლები აღმოჩნდა ის, რისი გაკეთებაც წულუკიანის უწყებას შეუძლია გელათის გადასარჩენად. სხვა მხრივ პროგნოზები სულ უფრო მძიმდება. ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავედით გელათში და პროგრესის ან არსებული ზიანის კონსერვაციის ნიშნები ჯერ არსად ჩანს.