მოსალოცად საქმე ნამდვილად გვაქვს, მაგრამ კარგად უნდა გავიზიაროთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, გრძელი და დამღლელი გზის დასაწყისი, რომელმაც ქვეყანა საბოლოოდ უნდა მიიყვანოს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი, წარმატებული და დემოკრატიული ქვეყნების დახურული კლუბის სრულფასოვან წევრობამდე. რასაც ცხადია მისი თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობის გაუმჯობსება ახლავს თან.
საქართველოს განსაზღვრული აქვს 9 დათქმა, რომლის დაკმაყოფილების შემდეგ კანდიდატის სტატუსის მქონე ჩვენი ქვეყანა ბრუსელთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების რეჟიმში გადავა. რა არის გასაკეთებელი - უფრო სამართლიანი ქვეყნის მოწყობა, სადაც კანონი კანონობს, სადაც დემოკრატია, ანუ ხალხის აზრი ქმნის პოლიტიკას, და არა ოლიგარქის კარის თამაშები, სადაც ეკონომიკური სიკეთით ყველა სარგებლობს და არა მხოლოდ ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესი.
ერთი სიტყვით, არც რომი აშენებულა ერთ დღეში, და ვერც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი მომდევნო თვეებში. მაგრამ რაც ბრიუსელის ისტორიულმა სამიტმა მოგვცა, ეს კონკრეტული გზაა, რაც აქამდე ასე მკაფიოდ არასდროს ყოფილა გამოკვეთილი. მაგრამ მეორე საკითხია,რამდენად გადადგამს ხელისუფლება ამ ნაბიჯებს, რადგან გვაქვს მწარე გამოცდილება, როცა ის საპირისპიროს აკეთებდა.