"სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დაიწყეს სროლები, თავი შეგვახსენეს" | ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალებმა სამხედრო წვრთნები ჩაატარეს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალებმა გასული დღეების განმავლობაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარეს. ამის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას საოკუპაციო რეჟიმის პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა ცხინვალიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ ქართულ სოფლებში.

წვრთნებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, თვალს ადევნება დე-ფაქტო ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი. აღნიშნულ წვრთნებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 

სამხედრო ძალის დემონსტრირების პარალელურად, ოკუპანტების გააქტიურება შეინიშნება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, სადაც ისინი უკანონო ბანერებს ათავსებენ.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები და კონფლიქტოლოგები კრემლის მიერ მოწყობილი პროვოკაციების გახშირებას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირებენ.

"სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დაიწყეს სროლები. შეგვახსენეს თავი, ჩვენ აქ ვიმყოფებითო...ალბათ, 2-3 დღეა. მანამდე რამდენიმე თვე აღარ ისროდნენ. წყნარად იყვნენ. მოტაცებებიც ხშირად არის. აი, ახლახან ხომ მკვლელობაც მოხდა. მოტაცებებიც მაგას ემსახურება, რომ თავი შეგვახსენონ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი

კონფლიქტოლოგი სოსო ვახტანგაშვილი კი აღნიშნავს, რომ ოკუპანტები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდებიან. მისი თქმით, აუცილებელია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით (ვიდეოკამერები, დრონები...) განსაკუთრებული რისკის სოფლებზე იყოს კონტროლი. მიღებული ინფორმაცია პრევენციისთვის უნდა გადაეცემოდეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საერთაშორისო თანამეგობრობას. ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად კი ხელისუფლებამ ეს ტერიტორიები "განსაკუთრებული მზრუნველობის დროებით ზონებად" უნდა გამოაცხადოს. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი