გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს მდგომარეობასთან დაკავშირებით "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარში" ექიმმა ალექსანდრე კალანტაროვმა ისაუბრა, რომელმაც ბავშვს ურთულესი ოპერაცია თავად გაუკეთა.
მისი თქმით, ლაზარეს მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო.
"ბავშვს დაკარგული ჰქონდა თავის თმიანი საფარის თითქმის მთლიანი ზომა. გაშიშვლდა ძვლები მთლიანად, სათანადოდ, ეს დეფექტი შეფასებული იყო, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი, რის გამოც ოპერაცია გახდა სასწრაფოდ საჭირო... ოპერაცია შესრულად გუშინ, 13 საათი ტარდებოდა და შინაარსი იყო დეფექტის ზონის დაფარვა რბილი ქსოვილებით..
სამწუხაროდ, ბავშვის აღნაგობიდან გამომდინარე, გაკეთდება ორეტაპიანი გადანერგვა. პირველი ეტაპი შესრულდა და დაიხურა დეფექტის 2/3, რაც ძალიან კარგია და 2-3 კვირაში იგეგმება ზუსტად იგივე სირთულის ოპერაცია, სადაც დაიფარება დეფექტის 1/3. შემდეგში დასჭირდება ესთეტიკური ოპერაციები სილამაზისთვის და თმიანი ზონის აღდგენის მიზნით, თუმცა ძირითადი შინაარსი ოპერაციისთვის არის სიცოცხლის შენარჩუნება. ერთ კვირაში თუ ჩვენ მივიღეთ სტაბილური ვითარება, პრობლემა იქნება გადაწყვეტილი და მოვემზადებით შემდეგი ეტაპისთვის", - განაცხადა კალანტაროვმა.
ცნობისთვის, გურიაში 2 წლის ლაზარე და მისი ასევე მცირეწლოვანი ძმა ძაღლმა 16 დეკემბერს დაკბინა. ვისია ძაღლი, უცნობია. ის, სავარაუდოდ, პატრონს მიტოვებული ჰყავს. როგორც ცნობილია, შემთხვევის შემდეგ ის თავშესაფარში გადაიყვანეს.