"არ გვინდა რომ ხელისუფლებას დაემსგავსოთ და მოხუცებს დაგვცინოთ" -ამ სიტყვებით მიმართეს დღეს ცოდნის კაფეს ბენეფიციარებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს ბიუჯეტის საჯარო განხილვის დროს.
სოფლებში მცხოვრები ხანდაზმულები კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობისათვის ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარის გამოყოფას ითხოვენ.
პროგრამის შემუშავებაში მათ მერიის თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ. შეგროვდა ხელმოწერებიც, თუმცა, გაირკვა, რომ 2024 წლის ბიუჯეტში საკითხი გათვალისწინებული არ არის.
"ჩვენი უმორჩილესი თხოვნაა, პენსიონერებს გვქონდეს ჩვენი საკუთარი თანხა ბიუჯეტში. ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებმაც გადავიტანეთ ომის წლები, კომუნისტური რეჟიმი და ათასი უბედურება. და ამიტომ, ჩვენთვის ღირებულია რომ გვაგრძნობინოთ თავი, რომ ჩვენც ვართ საჭირონი თქვენთვის" მიმართა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა მერს.
სხდომაზე მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ საკითხზე მუშაობა ახალი წლის შემდეგ განახლდება.
ავტორი: ია გულიაშვილი