არსებული ინფორმაციით, ბოლნისში ქმარმა ცოლს თავი გადაპარსა, კადრები გადაიღო და თანასოფლელებს გაუგზავნა 

გამოქვეყნდა:

ოჯახში ძალადობის მორიგი შემთხვევა ქვემო ქართლში - ბოლნისში, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს, სავარაუდოდ, შვილების თვალწინ თავი გადაპარსა, ამის ამსახველი კადრები გადაიღო და ვიდეო თანასოფლელებს გაუგზავნა, რაც შემდგომ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ქმარი ახალგაზრდა გოგოზე, სავარაუდოდ, სისტემატურად ძალადობდა. 

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე უკვე დაკავებულია და მას ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე გააცნეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო და დაკავებულს ოჯახში ჩადენილ ძალადობას (მუხლი 126) ედავებიან.

აღიარებს თუ არა ბრალს 40 წლამდე კაცი, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, უახლოეს საათებში იმსჯელებს რაიონული სასამართლო მისი აღკვეთის ღონისძიებაზე. 

"ბიჭი, როგორც ვიცი, უკვე დაკავებულია. გოგო კი დაახლოებით 19 წლის იქნება, სახლიდან გააგდეს. 2 შვილი ჰყავთ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი, ბაია პატარაია კი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ეს კლასიკური ძალადობის შემთხვევა არაა და ეს "ღირსების დანაშაულია." 

"ეს არ არის ოჯახში ძალადობის კლასიკური შემთხვევა, ეს არის ის, რასაც ჩვენ ღირსების დანაშაულს ვეძახით. ეს არის ადამიანის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. მხოლოდ ერთ საქმეზე რეაქციის მიცემა, არ იქნება საკმარისი, სისტემურად უნდა დაიწყოს მუშაობა მოსახლეობასთან, ასეთ პრობლემურ თემებში, სადაც ასეთი დანაშაულები ფიქსირდება, მხოლოდ კონკრეტულ დანაშაულს კი არა, არამედ უნდა დაიწყოს ფართო საგანმანათლებლო მუშაობა," - ამბობს პატარაია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი