პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ალტერნატივა არ აქვს - ცერცვაძის მორიგი წერილი

გამოქვეყნდა:

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციური საავადმყოფო. მისი თქმით, ცალკეული ექსპერტების მიერ განიხილება საკითხი, ხომ არ ჯობს ინფექციური პაციენტების მომსახურება ხდებოდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოებში.

თენგიზ ცერცვაძე განცხადებაში სტატისტიკურ მონაცემებს და საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებს იშველიებს. ის აღნიშნავს, რომ ყველაფერი შედეგებით უნდა შეფასდეს, შედეგები კი ასეთია: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ქვეყნის მასშტაბით 11 კლინიკაში მკურნალობენ, მათგან სამი ინფექციური პროფილისაა. ამ სამ კლინიკაში გატარებული 595 პაციენტიდან მხოლოდ 1 ინფიცირებული გარდაიცვალა, რაც ცერცვაძის აზრით აჩვენებს, რომ ინფექციური პროფილის კლინიკებში COVID-19-ით სიკვდილობა იყო 12-ჯერ ნაკლები, ვიდრე მრავალპროფილურ კლინიკებში. ცერცვაძე, ასევე, ხაზს უსვამს, რომ ინფექციური პროფილის კლინიკებიდან მხოლოდ  100-დან მხოლოდ 4 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული.

აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში და ე.წ. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში (საქართველოც მათ რიცხვში შედის) ინფექციურ დაავადებათა ჰოსპიტლები, როგორც წესი, ცალკე სამედიცინო დაწესებულების სახითაა წარმოდგენილი... რაც შეეხება დასავლეთის იმ ქვეყნებს, სადაც ინფექციურ დაავადებათა სამსახურები ზოგადი პროფილის კლინიკებშია განთავსებული, იქ ეს უკანასკნელები ისეთი სტანდარტებით არის აშენებული და მოწყობილი (თავისი ბოქსირებული განყოფილებებით), რომელიც შესაძლებელს ხდის მოემსახუროს ინფექციური დაავადებებით, მათ შორის, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს. ასეთი სტანდარტების მრავალპროფილური საავადმყოფოები/ ინსტიტუტები ძალიან ძვირი ჯდება და საქართველოში სადღეისოდ არ არსებობს და სავარაუდოდ კიდევ კარგა ხანს ვერ იქნება. შესაბამისად, სადღეისოდ საქართველოში, ისევე როგორც მისი განვითარების დონის მქონე სხვა ქვეყნებში ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს/ინსტიტუტის ცალკე სამედიცინო დაწესებულების სახით არსებობას ალტერნატივა არა აქვს და ამას ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკაც ადასტურებს, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

განცხადების ბოლოს ის აღნიშნავს, რომ საერთაშორისო რეკომენდაციებით მსოფლიოს ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მიღება და მომსახურება შეეძლება. ასეთი კი საქართველოში დღეს მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრია.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღებაზე უარი თქვა. თენგიზ ცერცვაძემ იმავე დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ კლინიკას აღარ აქვს COVID 19-ის და აივ ინფიცირებული პაციენტების მომსახურების რესურსი. საავადმყოფოს ხელმძღვანელი ასევე ამტკიცებს, რომ კრიზისის შესახებ დიდი ხნის წინ აცნობა ჯანდაცვის უწყებას და რეაგირებაც სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

ამ განცხადებას კი ეკონომიკის სამინისტრო გუშინ, 21 აგვისტოს გამოეხმაურა, განცხადებაში კი ეწერა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს უფლება მიეცა გადაუდებელი სამუშაოების დროს 300 ათასი ლარი გამოიყენოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი