თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ოჯახი წესის აგებასთან დაკავშირებით სასულიერო პირების პასუხს ელოდება. გამომდინარე იქიდან, რომ საგამოძიებო უწყება თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, ბავშვს სასულიერო კანონების მიხედვით, შესაძლოა წესი არ აუგონ.
ველოდებით მამაოს პასუხს, ყველაფერს გავაკეთებთ, თუ რამე შეიძლებაო. წესის აგებასთან დაკავშირებით საუბარი 3-4 დღეა მიმდინარეობს. ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან. დედას როგორც ვიცით საგარეო საქმეთა სამინისტრო დაეხმარა და ის დღეს, - ამბობს გარდაცვლილის და, თინათინ აბჟანდაძე.
მოზარდის დედა, ნესტან აბჟანდაძე საბერძნეთიდან დღეს უნდა დაბრუნდეს და კვირას შვილის დაკრძალვას დაესწროს.
ქალს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პროცედურები დარღვეული აქვს, როგორც საბერძნეთთან, ასევე თურქეთთან მიმართებაში. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირწმუნება, რომ პრობლემის მოგვარებისთვის დიპლომატიური უწყება აქტიურად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის კაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. 25 აგვისტოს კი ბრალი არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობისთვის წაუყენეს.