სტალინის ხატი სამების საკათედრო ტაძარში - ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში თავდაპირველად პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმა, გაავრცელა.
საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემოქმედის ხატის განთავსება, თეოლოგების შეფასებით, რუსული ხელწერაა საქართველოს საპატრიარქოში. წმინდა მატრონა მოსკოველისა და სტალინის ხატი პირველად 2008 წელს სწორედ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგი ერთ-ერთი სოფლის ტაძარში ნახეს.
როგორ და რატომ აღმოჩნდა სტალინის ხატი სამების ტაძარში - ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ უარი თქვა ჩვენთან ინტერვიუზეც.
თუმცა, ჯაღმაიძე სხვა მედიასაშუალებებთან აცხადებს, რომ ეს არა სტალინის, არამედ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია. მისივე მტკიცებით, ამ თემაზე დღეს საუბარი შობის დღესასწაულის "გადაფარვას" ემსახურება. სპეციალისტები კი ამ ხატს მკრეხელობად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ სასწრაფოდ უნდა ჩამოიხსნას.