რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ხვდება. შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ექიმებმა შენობის დემონტაჟის გამო პროტესტი გამოხატეს. კონკრეტულად რაზე მსჯელობენ აუდიენციაზე, ამ დროისთვის უცნობია.
ექიმები ჯანდაცვის სამინისტროსგან სწორედ საქართველოში ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულების დემონტაჟის შეწყვეტას მოითხოვენ. პერსონალისთვის მიუღებელია ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პირობებიც, რომლის მიხედვითაც ახალი შენობის დასრულებამდე ექიმები მუშაობას სხვა კლინიკებში გააგრძელებენ.
ექიმებმა დღეს საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქციაც გამართეს. მათ დააანონსეს, რომ პროტესტი კიდევ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს. ისინი შიშობენ, რომ შესაძლებელია, ეს ტერიტორია სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ.