
ბალახაძეების 7-წევრიანი ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი და ორსული ცხოვრობს, გამოსახლების გადადებას ითხოვს. ოჯახი ამბობს, რომ მათ ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ოჯახის გამოსახლება დღეს აქვს დაგეგმილი.
როგორც ელგუჯა ბალახაძე ამბობს, მზად არიან, რომ არსებული დავალიანება დაფარონ.
"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წამოვიდეს ჩემთან მოლაპარაკებაზე. მე რომ არ დავრჩე ბოლო საცხოვრისის გარეშე. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ვალდებულება გადავიხადოთ, დავფაროთ ეს დავალიანება თავის პროცენტებიანად. თუ მოლაპარაკება არ შედგა, ისევ ის სურათი გვექნება, რაც კეკელიძეზე განმეორდა და რაც მოსალოდნელია. ჩემი შვილიშვილი ხვალ ბაღში მიგვყავს და რომ მოვიყვან რა ვუთხრა ჩემს შვილიშვილს, 5 წლის ბავშვს რა პასუხი გავცე. ჩემი ავადმყოფი ძმა სასიკვდილოდ უნდა გავწირო, ჩემი ოჯახი უბრალოდ ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას", - ამბობს ელგუჯა ბალახაძე.
ცნობისთვის, აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებას ისინი დღეს, 10 საათზე, შეიტყობენ. ბალახაძეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფინანსური ვალდებულება აქვთ.