სტუდენტების პროტესტი გრძელდება | თსუ-ს კანცელარია მეორე დღეა ბლოკირებულია

გამოქვეყნდა:

სტუდენტების პროტესტი გრძელდება - უკვე მეორე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია ბლოკირებულია. უნივერსიტეტში ამ წუთებში სენატისა და აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნა გამოსახლების დროს დაკავებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, აკაკი ჩიქობავასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის, გიორგი ხასაიას გათავისუფლებაა. ასევე, გამოსახლებების სერიის შეჩერება. 

სტუდენტების ნაწილი ასევე ითხოვს, რომ თსუ-ს ადმინისტრაციამ პროფესორების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელოს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრამ მათი პროფესორის მხარდამჭერი განცხადება უკვე გაავრცელა.

სტუდენტები ითხოვენ თსუ-ს რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრასაც, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრი, ტატო ჩანგელია ამბობს, რომ მან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

"პირველი ღამე გავათენეთ აქ, არსებობს ადამიანური რესურსი, არსებობს ენერგია, რომ ჩვენ ყველაფერი მივიყვანოთ ბოლომდე. რექტორმა შეწყვიტა გუშინ აზერბაიჯანში ვიზიტი, დაბრუნდა ქალაქში და გვეგონა, რომ შეგვხვდებოდა. თუმცაღა, ის უკმაყოფილოა იმით, რომ ჩვენ კანცელარიის ოთახი გვაქვს დაკავებული და ამიტომ უარს აცხადებს ჩვენთან შეხვედრაზე. ჩვენ გვგონია, რომ ეს სიჯიუტე არ არის საჭირო. სინამდვილეში ჩვენ ერთ მხარეს ვართ, ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ," - ამბობს ჩანგელია. 

შეგახსენებთ, რომ კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესისას დაკავებულ ჩიქობავასა და ხასაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: დავით კობიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი