
ქუთაისის მერია აცხადებს, რომ ქალაქის ისტორიულ უბანში, ცისფერყანწელების ქუჩაზე კედლის მხატვრობა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ დააზიანა. უწყება ამბობს, რომ ისინი საქართველოში იმყოფებოდნენ 2023 წლის 20 დეკემბრიდან 2024 წლის 21 იანვრის ჩათვლით.
კედლის მხატვრობის დაზიანებაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. განცხადებაში დაკონკრეტებული არაა რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა დააზიანეს კედლის მხატვრობა.
"21 იანვარს, ღამის საათებში, მათ დააზიანეს ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე არსებული გრაფიტი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველო იმ დღესვე დატოვეს", - წერია განცხადებაში.
ქუთაისის მერია ამბობს, რომ კედლის მხატვრობის ფრანგ ავტორთან, ვინი გრაფიტთან მიღწეულია შეთანხმება - "ის კვლავ ჩამოვა ქუთაისში და "არტ ფორუმი ქუთაისი 2024-ის" ფარგლებში ნამუშევარს სრულად აღადგენს".
ფოტო: ვახო აბაშიშვილი.