
ქობულეთის მერიას მოქალაქე სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის გაკეთებას სთხოვს, რომელიც დემონტაჟიც სამი წლის წინ, ფერდსამაგრი კედლის მოწყობის დროს მოხდა. ამირან მესხიძე ამბობს, რომ მაშინ ხელისუფლება უკეთესი კიბის გაკეთებას დაჰპირდა, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში აღარავინ გამოჩენილა. ინფორმაცია The Ajara Times ავრცელებს.
მოქალაქე ყვება, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა.
"განგებ, სპეციალურად დამიშალეს, უკეთეს გაგიკეთებთო, გვიშლის, უკან ვერ გავალთ, მანქანას ვერ გავიყვანთ, ვერ ჩავასხამთო [ბეტონს] და ამის ნიადაგზე დამიშალეს კარგი, კაპიტალური კიბე, მესამე წელი დაიწყო, უკიბოდ დავდივარ, ვინც დაშალა გააკეთოს იმან და ეს მაშინ იყო ზაზა კაიკაციშვილის, [ ყოფილი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი] ზაზა ახლა ვერ ვნახე და რა გავაკეთო არ ვიცი. ყოველ მეორე დღეს დავდივარ თითქმის გამგეობაში, პატარა ბავშვები მყავს... კინაღამ გადმოგვივარდა მეორე სართულიდან, აგვეპარა კიბეზე", - ყვება მოქალაქე.
ქობულეთის მერიაში ადგილობრივ მედიას უთხრეს, რომ მოქალაქეს ახალი კიბის მოწყობა ოფიციალურად დღემდე არ მოუთხოვია და ამისთვის ამირან მესხიძეს შესაბამისი განცხადება უნდა დაეწერა.