ბერლინალეზე ეროვნული კინოცენტრის სტენდს უპრეცედენტო რაოდენობის, 32 წევრიანი დელეგაცია წარადგენს.
სავარაუდოა, რომ მივლინებისთვის დაახლოებით 50 000 აშშ დოლარი დაიხარჯება.
32- დან 11 კინოექსპორტის სპეციალისტადაა გაფორმებული. სიას გამოცემა "პუბლიკა" ასაჯაროებს.
კინოცენტრის დელეგაციაშია სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე.
გური სულთანიშვილს კინოცენტრი „ბერლინალეზე“ გზავნის როგორც კინოექსპორტის სპეციალისტს. ხოლო POSTV-ის ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს – როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.
სულთანიშვილი "პუბლიკასთან" ადასტურებს, რომ ბერლინში აკრედიტაციის, გამგზავრების, ცხოვრების ხარჯს საბიუჯეტო ორგანიზაცია – კინოცენტრი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ანაზღაურების სახით 200 ლარსაც მიიღებს.
დელეგაციის წევრებს შორის არიან კინოცენტრის მოქმედი თანამშრომლები: დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია, ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია, კინოექსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამთა ახალაია, ფილმწარმოების დეპარტამენტის სპეციალისტი სალომე გოფოძე, საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში გიორგი აგლაძე (მან ნინო კირთაძის ადგილი დაიკავა).
გარდა მოქმედი თანამშრომლებისა, ბერლინალეს კინობაზრობის პორტალზე ორგანიზაციის წარმომადგენლებად მითითებულია: ტელეკომპანია „იმედის“ სახე ნინი ბადურაშვილი, ამავე არხის ოპერატორი შოთა თუთაშვილი და ჟურნალისტი ქეთევან ჭეიშვილი.
ბერლინში კინოექსპორტის მენეჯერის სტატუსით გაემგზავრება კულტურის სამინისტროს თანამშრომელი გიორგი ცხვედიანი და რეჟისორი სოფია ბაბლუანი.
კინოექსპორტის სპეციალისტის სტატუსით ბერლინალეზე ასევე გაემგზავრებიან პროდიუსერები – ხათუნა ხუნდაძე, ედმონდ მინაშვილი, ქეთევან ჯანელიძე და დავით კერესელიძე. კასტინგის რეჟისორი მარკ სამერსი კი კინოექსპორტის დეპარტამენტის მრჩევლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
სვანეთის კინოფესტივალის წარმომადგენლები – მარიამ ხაჭვანი და თეიმურაზ ჩხვიმიანი. ამ ფესტივალს წელს კინოცენტრიდან ბაჩო ოდიშარიაც ესწრებოდა.
დელეგაციის წევრებს შორის ასევე არიან რეჟისორები: ლეო გაბრიაძე და გიორგი ჭუმბურიძე (ეს უკანასკნელიც კინოექსპორტის სპეციალისტის პოზიციით წარდგება კინობაზრობაზე).
დელეგაციაში პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ნინო აბრამაშვილია მითითებული. კულტურის სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომლის, თენგიზ ებრალიძის სამუშაო ველშიც პიარია მითითებული. პიარის დეპარტამენტს წარმოადგენს გიორგი მაზმიშვილიც.
კინოცენტრის სახელით ბერლინში ასევე გაემგზავრებიან:კინოაკადემიის პრეზიდენტი ნიკოლოზ აბრამაშვილი, თეატრალური უნივერსიტეტის კანცლერი გიორგი ხარებავა და „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელი ირაკლი გაბრიაძე.
დელეგაციის კიდევ სამ წევრზე – გიორგი ფოფხაძეზე, გიორგი ხიზანიშვილსა და სანდრო ლოსაბერიძეზე – „პუბლიკამ“ საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში ვერ მიაკვლია მათ კავშირს კინოსთან.
მაგალითისთვის ბერლინალეს წლევანდელ კინობაზრობაზე:
ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია წერს, რომ ოპოზიციურმა მედიამ "მანიპულაციურ სტილში აიტაცა" საკითხი და აბსოლუტურად ყველა დელეგატი, თავის საქმის პროფესიონალია:
"ოპოზიციურ მედიაში ჩვეულ, მანიპულაციურ სტილში აიტაცეს კინოცენტრის დელეგაციაში მყოფი მედიის წარმომადგენლების საკითხი. აბსოლუტურად ყველა დელეგატი არის თავის საქმის პროფესიონალი, სიის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი რეჟისორებისა და პროდუსერებისგანაა დაკომპლექტებული; 23 რეჟისორი/პროდუსერი, 5 კინოცენტრის თანამშრომელი, 4 მედია გამშუქებელი. ეს ნაწილი რასაკვირველია ნაცმედიის სათაურებში არ ხვდება. იქ ხვდება მხოლოდ პოსტვს და იმედის გამშუქებლები. ეს უკანასკნელნი, სიაში მოხვდნენ იმისათვის, რომ ფესტივალის ირგვლივ მედია გაშუქება და სიუჟეტების დამზადება უზრუნველყონ, რაც ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი პრაქტიკაა. და დიახ, რასაკვირველია კინოცენტრი ზრუნავს რომ მაქსიმალურად გაშუქდეს ქართული სტენდი და მისი აქტივობები ბერლინალეზე. დღეს აღარაა ის პერიოდი, როდესაც მერაბიშვილი-ახალაიას კაბინეტებში დგებოდა კულტურის აქტივობების და იქ მონაწილე ადამიანების სია, არც ის დროა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ბოტოქსები და სტროპტიზ ბარებში გულაობები რომ ფინანსდებოდა, არც პოპულარული სერიალები ცენზურდება, როგორც ეს “ცხელი ძაღლის” შემთხვევაში მოხდა, არც სტუდიები იხურება და მასალები უნადგურდება, როგორც ეს სტუდია “რაკურსის” შემთხვევაში მოხდა, არც ახალგაზრდა რეჟისორებს უშლიან გადაღებულ მასალებს და ატარებენ განყოფილებებში 2008 წლის ომზე დოკუმენტური ფილმის გადაღების გამო, როგორც ეს ედმონდ მინაშვილს გაუკეთეს. ყველანაირი ისტერია კინოცენტრის დელეგაციასთან დაკავშირებით მხოლოდ უსახური პროპაგანდის და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია. წლევანდელი ქართული სტენდი, როგორც გაშუქების, ისე საქმიანი შეხვედრების მხრივ იქნება ყველაზე ინტენსიური და მასშტაბური და მოემსახურება ქართული კინემატოგრაფის ინტერესებს, რომელსაც ასე აქტიურად ცდილობენ სახელი შეულახონ საერთაშორისო კინოსივრცეებში მავნებლებმა. კინოცენტრის სტენდზე რასაკვირველია ოპოზიციური მედია პოზიტიურ ჭრილში არაფერს ისაუბრებს, მაგრამ ისაუბრებენ მამუკა ხაზარაძის ფონდით დაფინანსებულ ბერლინალეს სტენდზე, რომელთანაც “კრიტიკული კითხვები” არ გაჩნდება, მაშინ, როდესაც, ღიად წინასაარჩევნო ამომრჩევლის მოსყიდვასთან გვაქვს საქმე.
პ.ს. თუ ატეხილი ისტერიის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ 23 კინოს დარგის წარმომადგენელში ვერ მოხვდით, ეგ სხვა საკითხია და მაშინ ამის ირგვლივ გაშალეთ საუბარი" წერს ის.