
"მაგთის" პასუხი კახა ბექაურს - საკომუნიკაციო გიგანტი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ამჯერად ანტიკორუფციულ ბიუროზე ზემოქმედების მცდელობაში ადანაშაულებს. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ მაგთიმ უწყებას მიმართა და ბექაურის ბიზნეს საქმიანობის, და სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის გამოძიება მოსთხოვა.
"მაგთი" აპელირებდა როგორც კომპანია 2 ნაბიჯის მენეჯმენტში ბექაურის უკანონო მონაწილეობაზე, ასევე სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტზე ერთ-ერთ ტელეარხში, ასევე ნეპოტიზმზე კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტში. ბექაურმა კი ამ ყველაფერს გუშინ განცხადებით უპასუხა და ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
გამოძიების დასრულებამდე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის მხრიდან ამგვარი შინაარსის განცხადებას კი მაგთი ანტიკორუფციულ ბიუროზე ზემოქმედებად აფასებს და მიაჩნია, რომ განცხადების მიზანი გამოძიებისთვის ხელის შეშლაა.
შპს „მაგთიკომმა" დამოუკიდებელ ორგანოს - სსიპ „ანტიკორუფციულ ბიუროს" ოფიციალური წერილით 2024 წლის 29 იანვარს მიმართა. ბატონმა ბექაურმა ვერ მოითმინა და „ანტიკორუფციული ბიუროს" მოკვლევის პასუხს დაასწრო, რითაც ის საკუთარი შეფასებებით ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს „ანტიკორუფციული ბიუროს" მიერ საკითხის ობიექტურად შესწავლაზე. შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს მოკვლევის დამთავრებამდე ბრალდებების შერაცხვა „აბსურდულად" მხოლოდ ბატონი ბექაურის სურვილია და არა რეალობა.
ღიმილის მომგვრელია ბატონი ბექაურის მიდგომა, რომლითაც ის საკუთარ თავს სრულად აიგივებს დამოუკიდებელ კოლეგიალურ ორგანოსთან - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან. მაგთიკომის განცხადება ეხებოდა პირადად ბატონი ბექაურის ქმედებების შესწავლას და არა მარეგულირებელ კომისიას.
ბატონი ბექაურის სხვა ქმედებების შესახებ საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული, - ნათქვამია განცხადებაში.