"საქონელი წაიყვანა და ფული აღარ დაგვიბრუნა, 80 ათასი ლარი აქვს მხოლოდ ჩემი ვალი" | ფერმის მოსახლეობა "ოცნებასთან" აფილირებულ ბიზნესმენს თაღლითობაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

სავარაუდო თაღლითობა "ქართული ოცნების" სახელით - კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერმის მოსახლეობა შველას ითხოვს და ამბობს, რომ მასშტაბური თაღლითობის მსხვერპლები გახდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მმართველ პარტიასთან აფილირებულმა გავლენიანმა ბიზნესმენმა, დავით ჯემალ ოღლიმ, მათი კუთვნილი 2 მილიონამდე ლარის ღირებულების პირუტყვი გაყიდა, თანხა კი მეპატრონეებს არ მისცა. 

ფერმერების თქმით, ბიზნესმენი ვალის დაბრუნებაზე მათ უარს ეუბნება, იმუქრება და ამბობს, რომ ხალხის ფული ე.წ. კანონიერ ქურდებს ჩააბარა. 

"გვიშველეთ, ხალხი მშივრები დაგვტოვა. ბანკის ვალით მოშენებული საქონელი მთლიანად წაიღო და ფული აღარ დაგვიბრუნა. 80 ათასი ლარი აქვს მხოლოდ ჩემი ვალი. რა გავაკეთო, საიდან შევიტანო ბანკში დავალიანება? რომ მივდივართ აქეთ გვემუქრება, ჩემს ქმარს უთხრა იცოდე შვილს მოგიკლავო. მათთან სახლში მივედი, ჩემი ფული დამიბრუნეთ-მეთქი და გამომაგდეს. მდგომარეობიდან გამოვედი და თვითმკვლელობა ვცადე. ვკვდებოდი და სასწრაფოც კი არ გამოიძახეს. ჩვენ ასე გაგვაუბედურა, თავად კი მდიდრდება, აგერ საკუთარი ბოინი გახსნა და ახალი მანქანებით დადის, დაგვეხმარეთ სამართლის პოვნაში," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, დავით ჯემალ ოღლი კასპის მუნიციპალიტეტში დიდი გავლენით სარგებლობს. ის რამდენიმე კომპანიას ფლობს. მას სოფელ ფერმაში მოწყობილი აქვს საქონლის სასაკლაო, სადაც "ქართული ოცნების" დროშაა აღმართული. ადგილობრივები მას სწორედ მმართველი პარტიის წარმომადგენლად იცნობენ, რადგან, მათი თქმით, ბიზნესმენი წინასაარჩევნოდ "ოცნების" სასარგებლოდ მუშაობს ხოლმე.

"მთავარის" გადამღები ჯგუფი ბრალდებებზე პასუხის მიღების მიზნით იმყოფებოდა ბიზნესმენთან, თუმცა დაგვემალა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფერმის მცხოვრებლები "მთავარი არხის" მეშვეობით დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების პრობლემაზე ჩვენ რეპორტაჟი გასულ წელსაც მოვამზადეთ, რის შემდეგაც შსს-მ გამოძიება დაიწყო და ჯემალ ოღლის ფორმალურად ბრალიც წარედგინა. თუმცა, სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი