
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021-2022 წლებში ახალქალაქში "სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარი" მოეწყო, რომლის ღირებულებამ 38 ათასი ლარი შეადგინა, თუმცა ბაზარი დღემდე უფუნქციოა.
პასუხისმგებელი პირი კი განმარტავს, რომ მოსახლეობა ისევ გარე ვაჭრობას მიმართავს, რის გამოც ახალ ბაზარს არ იყენებს.
"2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. აუდიტის ჯგუფმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა აღნიშნული პროექტები. გამოვლინდა, რომ 2 ინფრასტრუქტურული ობიექტი, საერთო ღირებულებით − 250.1 ათასი ლარი,13 დაუსრულებელია. კერძოდ, სოფლის კლუბისა და მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ასევე ხარვეზები გამოვლინდა სასმელი წყლის სისტემასთან დაკავშირებით - ახალქალაქის მერიას სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია 1,049.0 ათასი ლარი დაუჯდა.
საანგარიშო პერიოდში ახალქალაქის და მის 35 სოფელში სასმელი წყლის მიწოდებას შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" უზრუნველყოფს. ხოლო 29 სოფელში 3 655 ოჯახის წყალმომარაგებას ემსახურება მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ა(ა)იპ ახალქალაქის სერვისცენტრი, რომელიც არ ფლობს კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული 29 სოფლიდან, 7 სოფელს (600 ოჯახს) წყალი მიეწოდება გრაფიკით.