
"ქართველმა მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, ფრანგ ექიმებს უთხრა, რომ პრემიერმაც უცხოეთში მკურნალობა ურჩია", - ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით 2022 წელს მოამზადა. კვლევა თავდაპირველად გამოცემა "ბათუმელებმა" გაავრცელა.
კვლევაში "ჯანმრთელობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი" - ერთ-ერთი თავი დაავადების არასწორი დიაგნოსტირებას ეხება სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოში დაავადების არასწორი დიაგნოსტირება მოქალაქეების ერთ-ერთი ემიგრაციის მიზეზია.
ქართველი პაციენტების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში საკუთარმა ექიმებმა ურჩიეს, შეეწყვიტათ მკურნალობა და საზღვარგარეთ წასულიყვნენ. კვლევის ავტორების თქმით, ამასვე მოწმობს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, გიგლა აგულაშვილის შემთხვევა, რომელსაც ლიმფომა აღმოაჩნდა და ქართველი სპეციალისტების რჩევით სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა.
"რამდენიმე ახლობელმა ექიმმა მირჩია საზღვარგარეთ წავსულიყავი სამკურნალოდ, რჩევა პრემიერმინისტრს და ჩემს სხვა კოლეგებსაც ვკითხე, მათაც ზუსტად იგივე მირჩიეს და გერმანიაში წავედი" - ამბობს გიგლა აგულაშვილი.
ქართველი ექიმები კი პაციენტების მხრიდან ნდობის ნაკლებობის მიზეზად მედიას ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ მედიაწარუმატებელ შემთხვევებსა და ასეთი გამოცდილების მქონე პაციენტებზე ყურადღებას ზედმეტად ამახვილებს. დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევების სიმრავლეს კი, ერთ-ერთი ქართველი ექიმი დაგვიანებული მიმართვიანობით ხსნის.
მკვლევრები წერენ, რომ მკურნალობის ხარისხის მიმართ უნდობლობა და დიაგნოსტიკური შეცდომები განპირობებულია იმითაც, რომ ჯანდაცვის სტრუქტურები კერძო პირების ხელშია. გარდა ამისა, სოციალური ქსელები საქართველოში სავსეა პოსტებით, როცა მკურნალობის ფულს შემოწირულებებით აგროვებენ პაციენტების ახლობლები და ოჯახის წევრები.