"მიმდინარეობს ზარალის დათვლა... სტიქიის შედეგად დაზარალებული არცერთი მოქალაქე არ დარჩება დახმარების გარეშე" | ბარნაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"მიმდინარეობს ზარალის დათვლა... სტიქიის შედეგად დაზარალებული არცერთი მოქალაქე არ დარჩება დახმარების გარეშე", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ამბობს, რომელიც იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ადგილზე გაეცნო. 

მისი თქმით, მერიისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები სტიქიის ზონებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ადგილზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ამ დრომდე, გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზებიც. პარალელურად, მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაც.

როგორც ბარნაბიშვილი აღნიშნავს, სოფელი რაჭასა და მაღალმთიან აჭარაში, რამდენიმე სოფელი ცენტრს არის მოწყვეტილი. ლერი ბარნაბიშვილმა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებიც მოინახულა. 

"6 თებერვალს განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა, დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ზიანი მიაყენა მოსახლეობას, ინფრასტრუქტურას. სამწუხაროდ, მაღალმთიან აჭარაში არის მსხვერპლი, დაღუპულია ორი ადამიანი და მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ამ მონაცემებით სხვა რეგიონში მსხვერპლი არ გვაქვს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმერეთში, სადაც ბოლო მონაცემებით, დაზიანებულია 600-ზე მეტი სახლი, სკოლები საბავშვო ბაღები. სტიქია განვითარდა ძირითადად ქარის, დიდთოვლობის და ძლიერი წვიმის სახით, რამაც წყალდიდობები გამოიწვია. ზარალი გვაქვს ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში და მაღალმთიან აჭარაში. სტიქიის დაწყების პირველი წუთებიდან ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინაციაში იყო ცენტრალურ ხელისუფლებასთან, საქმის კურსშია ყველა სამინისტრო. ხდებოდა დახმარება ტექნიკით და ცოცხალი ძალით, ჩართული იყო სამაშველო სამსახურები, ჩართული იყო აგრეთვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საგზაო დეპარტამენტი. ახლაც მიმდინარეობს გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა. რამდენიმე სოფელი რაჭასა და მაღალმთიან აჭარაში მოწყვეტილია ცენტრს. ხდება გზის გაწმენდა როგორც სოფლებთან მისასვლელი გზების, ასევე პარალელურად ხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. ასევე, გრძელდება სამუშაოები სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

რაც შეეხება ზარალის მოცულობას, ყველა დასახლებულ პუნქტში და ყველა ლოკაციაზე ვერ ხდება მისვლა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს პირველადი მონაცემები, შესაბამისად მუნიციპალიტეტები ითვლიან ზარალის ოდენობას და მასშტაბებს. რაც შეეხება მოსახლეობის დახმარებას, მინდა გითხრათ, რომ ცენტრალური ხელისუფლება მზადაა და მობილიზებულია. არცერთი მოქალაქე არ დარჩება გვერდში დგომისა და დახმარების გარეშე", - განაცხადა ბარნაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი