
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს, რომ ნაპოვნია სამი ადამიანის ცხედარი, 6 მოქალაქეს ეძებენ. ჩვენი ინფორმაციით, იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ეძებენ, არიან არასრულწლოვანებიც.
უწყება ამბობს, რომ მაშველებმა ერთი ადამიანი გადაარჩინეს. "მთავარის" ინფორმაციით, ის კლინიკაშია გადაყვანილი. მეწყერი სოფელში ღამით ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა.
"იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს. სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები", - წერია განცხადებაში.