ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
მათ შორის, ვისაც ეძებენ, არის მამა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი. "მთავართან" ადგილობრივები ყვებიან, რომ ბავშვების დედა ემიგრაციაშია წასული.
"ანგელოზი სამი შვილი, ერთი ოჯახიდან, ტყუპი გოგოები, ერთი ბიჭი და მამა, დედა წასული შვილებისთვის, რომ უჭირდა, საზღვარგარეთ, რომ უჭირდა, რა ექნა. იქით ორი მოხუცი ცხოვრობდა კიდევ, ისინიც არ ჩანან", - ამბობს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ დაღუპულებს შორისაა 20 წლის გოგო და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი.
"ოჯახია ჩემი ერთი, დაღუპულია დედამთილი, რძალი და მაზლის შვილი, 20 წლის გოგო, სტუდენტი. მეორე ოჯახი არის ბიძაშვილები, დაღუპულები არიან იქ მამა და სამი შვილი, ტყუპები არიან, გოგოები 15 წლისები. მესამე ოჯახში დედა-შვილი არიან", - ყვება კიდევ ერთი ადგილობრივი.
მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.
სტიქიის ზონაში მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს.