"ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები უარყოფენ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ნერგეეთი მეწყერსაშიშ ზონად იყო გამოცხადებული.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა განაცხადა სოფელში ადამიანები ათწლეულებია ცხოვრობენ და ამ დროის განმავლობაში არაფერი მომხდარა.
"ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო, არ იყო. თუმცაღა ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს, მაგრამ აქ ათწლეულები ცხოვრობდნენ ადამიანები და ამდაგვარი არაფერი არ ახსოვთ და ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა", - ამბობს ილია ბეგიაშვილი.
სოფელი მეწყერსაშიში ზონად არ იყო გამოცხადებული "ოცნების" დეპუტატის, ბეჟან წაქაძის განცხადებითაც.
საპირისპირო წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წელს მომზადებულ ბიულეტენში, რომელიც 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზებს მოიცავდა.
ბიულეტენში პროგნოზირებული იყო, მათ შორის, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხეც. სოფლებს შორის დასახელებულია სოფელი ნერგეეთიც, სადაც 7 თებერვალს სტიქიამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ მეწყერმა სოფელ ნერგეეთში 4 სახლი მოიყოლა. სახლში საერთო ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დრომდე გრძელდება 5 დაკარგულის, მათ შორის არასრულწლოვანების, ძებნა.